მამუკა ბახტაძე - ერთ სექტორში წარმატება და კარგი რეფორმები სისტემურ წარმატებას არ გვაძლევს, წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით გვჭირდება, ამიტომ გავაკეთე არჩევანი კახა კახიშვილზე
კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სწორედ, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომის მიმდინარეობისას ფრაქციის წევრის კითხვის პასუხად განაცხადა.
„კახიშვილმა წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს ჩვენ სისტემურ წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი დაკისრებულ ფუნქციას თავს ისეთივე წარმატებით გაართმევს, როგორც ეს იმ სამინისტროში გააკეთა, რომელსაც ხელმძღვანელობდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან, მე განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებაა, ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო და რა თქმა უნდა, სწორედ ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, კახა ამ მნიშვნელოვან ფუნქციას თავს წარმატებით გაართმევს, ისევე როგორც წარმატებით გაართვა თავი მნიშვნელოვან რეფორმებს თავი სამინისტროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.