მამუკა ბახტაძე- EBRD-ის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაში ბანკის ინვესტიციებს გაზრდის
მამუკა ბახტაძე- EBRD-ის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ პროექტებზე, რომლებიც ჩვენს ეკონომიკაში ბანკის ინვესტიციებს გაზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან იმ პროექტების შესახებ ვისაუბრეთ , რომლებიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს ეკონომიკაში კიდევ უფრო გაიზარდოს ბანკის ინვესტიციები. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ EBRD-ის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა იორდანიაში, ქალაქ ამანში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში (Annual Meetings) მონაწილეობს.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკს დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს მოზიდული საქართველოში. გასული წელი იყო განსაკუთრებული, როდესაც EBRD-ის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მაქსიმუმის ინვესტიცია განხორციელდა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომლების დაფინანსებასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აპირებს უახლოეს მომავალში”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც  ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს.

„ პირველი – ესაა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფაქტორინგის და ლიზინგის ბაზრის განვითარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რათა ქართულმა ბიზნესმა მიიღოს წვდომა ახალი ტიპის დაფინანსებაზე, რომელიც მორგებული იქნება მათ მოთხოვნაზე. მეორე – ეს არის საჯარო-კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩო, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლებსაც ბანკი განახორციელებს მომავალ წელს. საუბარი ასევე შეეხო ახალი განვითარების სტრატეგიას, რომელიც ბანკმა 2019 წელს უნდა დაამტკიცოს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.