კახა კალაძე - „იბიარდის“ ჩართულობით, გამოყოფილია 50 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტი, რომლის ფარგლებშიც, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და პროექტები მუშავდება
კახა კალაძე - „იბიარდის“ ჩართულობით, გამოყოფილია 50 მილიონი ევროს სესხი და 5 მილიონი გრანტი, რომლის ფარგლებშიც, მეტროსადგურების რეაბილიტაცია და პროექტები მუშავდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით გამოყოფილია სესხი – 50 მილიონი ევრო და 5 მილიონი გრანტი, ამ თანხის ფარგლებში მუშავდება 12 მეტროსადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი და 10 სადგურზე გაკეთდება პროექტი, რომელსაც მომდევნო წლებში განვახორციელებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რამდენიმე თვეში, წლის ბოლოსკენ პროექტები გამზადებული უნდა იყოს და გამოცხადდება ტენდერები „იბიარდის“ მიერ.

„მნიშვნელოვანია საერთშორისო საფინანსო კომპანიების ჩართულობა, რადგან შესაძლებლობა ექნება ასევე უცხოურ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა, ვისაც ამ ტიპის სამუშაოების ჩატარების გამოცდილება აქვთ. საქართველოში გვაქვს ეს პრობლემა, არავის სურს ამხელა პასუხისმგებლობის აღება, როდესაც გვაქვს ისეთი სამწუხარო და სავალალო ფაქტი, რაც მოხდა „ვარკეთილის“ მეტროს შემთხვევაში ჭერის ჩამოშლის სახით. ბევრი შიშობს, ბევრს გამოცდილება არ აქვს და არ უნდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება, თუნდაც „გოცირიძის“ მეტროც ავიღოთ, ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშოები და ბოლოს მაინც ჩვენი დასამთავრებელი გახდა აღნიშნული პროექტი, რომელიც გადაგზავნილია იმისთვის, რომ თუ რამე ხარვეზია, გამოსწორდეს და მივიღოთ ექსპულატაციაშიც. რამდენიმე დღეში ამაზეც მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.