მამუკა ბახტაძე - დღგ-ის დაბრუნების რეფორმის შედეგად, წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ
მამუკა ბახტაძე - დღგ-ის დაბრუნების რეფორმის შედეგად, წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ

დღგ-ის დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ.

„დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავის ტკივილი. დღეს გავიარე ეს ციფრები და წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ახალ საბაჟო კოდექსში, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, შეტანილია ბევრი ცვლილება, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100 პროცენტის გაციფრულებას მოიცავს.