მამუკა ბახტაძე - დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ კითხვებს
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
პრემიერის განცხადებით, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.
„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა.
ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.
შესაბამისად, მზად ვარ, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს“, – აღნიშნულია პრემიერის „ფეისბუქპოსტში“.
ამასთან, მამუკა ბახტაძე დღეს საღამოს მედიასთან შეხვედრას გეგმავს.
„ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – წერს პრემიერი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო, თუმცა გამოსვლა გადაიდო.