მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავრობის მიზანია, საქართველო რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად ვაქციოთ
საქართველოს მთავრობის მიზანია, ქვეყანა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ დარგში რეგიონალურ ცენტრად ვაქციოთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში მინერალური სასუქების სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ასევე, ახალი ლოგისტიკური დერეფნის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბათუმის ნავსადგურის გავლით, შუა აზიის ქვეყნებიდან მსოფლიო ბაზარზე მინერალური სასუქების ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ბახტაძემ სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„ბოლო წლებში, ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანში, ხდება მსხვილი ინვესტიციების განხორციელება ქიმიური მრეწველობის დარგში. ეს საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო გამტარუნარიანობა იმ ტვირთის მოსაზიდად, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება კასპიის ზღვის აუზში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფნებში, როგორიცაა: თანამედროვე აბრეშუმის გზა, კასპიის ზღვის დაკავშირება ბალტიის ზღვის ქვეყნებთან შავი ზღვის გავლით.
„ასევე, ძალიან პოპულარული ხდება დერეფანი, რომელიც გულისხმობს სპარსეთის ყურის დაკავშირებას შავი ზღვის აუზთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენციებია, ტვირთის სტრუქტურის ცვლილების თვალსაზრისით, ვინაიდან მწარმოებელი ქვეყნები უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ გადამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ახალი ტენდენციები და ჩვენი შავი ზღვის პორტებში განვავითაროთ სწორედ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მსგავსი ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან კონსორციუმში ძლიერი მოთამაშეების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი – „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“, კორპორაცია „Mitsubishi“ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტრეიდერული კომპანია Trammo AG.
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორისაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრები თბილისსა და ქუთაისში. ყველაფერი ერთად, ემსახურება მთავარ მიზანს – საქართველო გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რაც ბევრ დივიდენდს მოუტანს ქვეყანას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი ბუნებრივი ადგილმდებარეობა გვაძლევს ასეთი თამამი განაცხადის გაკეთების საშუალებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი იმისა, რომ ინვესტიციები ხორციელდება პარალელურად, როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროებზე, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტსა და ბათუმის პორტში.
„ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დერეფნის უპირატესობა, რათა პარალელურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა როგორც კასპიის ზღვის, ასევე, შავი ზღვის აუზში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აღნიშნული ინიციატივის დაწყებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
კომპანია „ვონდერნეტ ექსპრესი“ ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მინერალური სასუქების გადაზიდვის მიზნით, თანამედროვე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას იწყებს, რისთვისაც 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.