მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, წელს დავაბრუნოთ 450 მლნ ლარის დღგ-ს ზედმეტობა
დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქ-ლაივის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პირველი ივლისიდან იქნება ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, როცა ამ სექტორში მეწარმეები სიმბოლურად გადაიხდიან 1%-იან გადასახადს თუ მათი შემოსავალი არ აღემატება 500 ათას ლარს.
„პარალელურად, მათ ექნებათ საშუალება გამოწერონ დღგ-ს ანგარიშფაქტურა. დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ის დღგ-ს ზედმეტობა, რაც ისტორიულად დაგროვდა ბიუჯეტში, არის ცუდი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხდებოდა ბიზნესიდან თანხების მიღება, შემდეგ არ ხდებოდა დროულად უკან დაბრუნება. ქართველ მეწარმეებს ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნიდა. ჩვენი მიზანია, რომ წელს დავაბრუნოთ, 450 მლნ ლარი. ეს არის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი. წელს, პირველ კვარტალში, დავაბრუნეთ 107 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ მივყვებით ამ გრაფიკს. მომავალ წელს, ეს თანხა, დაახლოებით, 650 მლნ ლარი იქნება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.