მამუკა ბახტაძე - ჩვენი მიზანია, შეღავათიან რეჟიმში ინდივიდუალურ მეწარმეთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობა მოექცეს
ჩვენი მიზანია, შეღავათიან რეჟიმში რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ინდივიდუალური მეწარმე მოექცეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს, უფრო მარტივად მოახდინონ ინტეგრირება იმ ბიზნესურთიერთობებში, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და შეძლონ ბიზნესის გაფართოება, რათა მიღებული იყოს უფრო გაზრდილი საგადამხდელო ბაზა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა ნაცვლად 100 ათასი ლარისა, იქნება 500 ათასი ლარი. გარდა ამისა, გამარტივდება ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვების წარმოება,
მისივე თქმით, ახალი ინიციატივის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წლიური ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%-მდე მცირდება.
„ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც გასცდებიან 100 ათას ლარს, მივცემთ საშუალებას, რომ დღგ ჩაითვალონ სტანდარტულ რეჟიმში, ან თუ იქნება დღგ-ს ზედმეტობა და ეს არის საკმაოდ ახალი მოვლენა, 5-დან 7 დღემდე დაიბრუნონ დღგ-ს ზედმეტობა ბიუჯეტიდან. დამატებითი ღირებულების გადასახადი რჩება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც ფიზიკური პირი გასცდება 100 ათას ლარს, ის დაკარგავს მცირე მეწარმის სტატუსს.
500 ათას ლარამდე, იმისდა მიუხედავად ადამიანი იხდის თუ არა დამატებითი ღირებულების გადასახადს, მასზე გავრცელდება ყველა შეღავათი, რომელსაც ჩვენ მივუსადაგებთ მცირე მეწარმის სტატუსს. ეს არის 1%-იანი ბრუნვის გადასახადი” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.