მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება ხედვა და პლატფორმა, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს წარმატებას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში
ჩვენ გვჭირდება ხედვა და პლატფორმა, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს წარმატებას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტის შეკითხვას – განათლების რეფორმის შემდეგ აპირებს თუ არა ხელისუფლებიდან წასვლას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა არსებობდეს ძლიერი პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას და წარმატებას 21-ე საუკუნეში.
„ეს არის განათლება, ეს არის ქართველი ადამიანის ნიჭი. მე არ ვამბობ სიახლეს. ეს გახლდათ ის ხედვა, რომელიც საქართველოში ისტორიულად ყოველთვის ჰქონდათ. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში როდესაც კი განსაკუთრებული წარმატებები იყო, ის ყოველთვის განათლებას და ჩვენი ნიჭის რეალიზაციას უკავშირდებოდა. ჩვენს ბავშვებს დამწყებ კლასებში აქვთ საუკეთესო შედეგები. შემდეგ არის დამამთავრებელ კლასები, უმაღლესი განათლება. იქ გვაქვს ძალიან მძიმე შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველა თაობას აქვს განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ სისტემა არა თუ უზრუნველყოფს ამ ნიჭის რეალიზაციას, პირიქით – ყველა სიმდიდრეს ვკარგავთ, რაც კი შეიძლება საქართველოში იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საკითხი უნდა გაიყოს ორად – სიღარიბეს დავძლევთ იმ სტრატეგიით, რაც გვაქვს, მაგრამ არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ ვიქნებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ამ ეროვნული იდეის გარეშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.