მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ
ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერაა.
„მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა 2008 წლიდან.
ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ. ამ პროცესის შესახებ ინფორმირებულია ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, რომელმაც ასეთი ოპერატიული რეაგირება გამოიჩინეს და შეფასება მისცეს ამ პროცესს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო მეგობრები მტკიცე მხარდაჭერა და ამ უსამართლობას აუცილებლად შეაჩერებს.