მამუკა ბახტაძე - არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები გვქონდეს
კომპანიებს, რომლებმაც კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო შეაჩერეს, დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა, რომლის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
„ეს შეეხება საგადასახდო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანებების გამო. ამ დავალიანებების დიდი ნაწილი არის დარიცხული 2011-2012 წლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შეგვენარჩუნებინა სისტემური მიდგომა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ინიციატივა გულისხმობს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას 2013 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებული იყვნენ თავიანთი კომერციული საქმიანობა საგადასახადო დავალიანების გამო შეეწყვიტათ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი შეფასებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება ეკონომიკაში გამოუყენებელი აქტივები ჰქონდეს.
„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და გამოუყენებელი შესაძლებლობები. ვფიქრობ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალი სიცოცხლე შეიძინონ ამ კომპანიებმა, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ რეალურად აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.