მამუკა ბახტაძე - 2020 წელს საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს, მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით
ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში ყველაზე მძიმე გამოწვევაა. ვირუსული ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანიის – STOP C დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა დაუცველი აღმოჩნდა და საქართველოც მათ რიგში იყო.
„2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ადამიანი, მოქალაქე და მასზე ზრუნვა. პირველი ნაბიჯი იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი გაზრდა. ამ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც აქვს მსოფლიოს. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ ამ გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არის უნიკლაური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ამერიკელ პარტნიორებს და კომპანია „გილეადს“ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშიებით მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკელ მეგობრებს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, რომელთა დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ თუ შევხედავთ ფასებს, დაახლოებით 80-90 ათასი აშშ დოლარი დასჭირდებოდა მოქალაქეს, რომ ამ თანამდეროვე პრეპარატებით ემკურნალა. რომ არა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარება, მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე შეძლებდა ამ პრეპარატებით მკურნალობას. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მივაღწიეთ იმას, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობა, ყველასთვის არის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა გაიარა სკრინინგი და 50 000 მოქალამდე არის ჩართული სამკურნალო პროგრამაში.
„სკრინინგი ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, C ჰეპატიტი სტიგმა არ არის, იდეალური იქნება, თუ მოსახლეობის 100 პროცენტი გაივლის სკრინინგს, რათა ეფექტურად ვებრძოლოთ დაავადებას“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, 2020 წელს საქართველო შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა C ჰეპატიტს, მისი ელიმინაციის და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით.
„ეს იქნება სტიმული სხვა ერებისთვის, რომ თუ არსებობს საზოგადოების მობილიზება და სწორი სტრატეგია, ყველა დაავადების დამარცხება შესაძლებელია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩართული არიან პროგრამაში, მონაწილეობენ აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.
„მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს. დარწმუნებული ვარ, 2020 წელს C ჰეპატიტი საქართველოში იქნება სრულიად ელიმინირებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C დაიწყო.