საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს - STOP C
საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას იწყებს - STOP C

ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას  – STOP C იწყებს.

კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ღონისძიებაზე პროგრამის 3 წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, განკურნებული პაციენტის თემურ რადიანის ნამუშევრების გამოფენაც იმართება. ასევე, წარმოდგენილი იქნება ელიმინაციის პროგრამის სამწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით – ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას  მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, აშშ საელჩოს წარმომადგენლები და ყველა ის პირი ესწრება, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული.