მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.
როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ასე გაიზარდა. ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ნამდვილად დადებითად აისახა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე. მეტიც, თვალსაჩინოა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების ნაკადის მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა.
ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ ხუთი პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის”,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული სხვა კურორტებზე წლების წინ. ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.
თეთნულდზე არის ოთხი საბაგირო და 30 კმ-იანი რვა სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.
სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი ერთდროულად ოთხი ათასამდე მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე იქნება.
ჰაწვალი მესტიიდან რვა კმ-ში მდებარეობს. კურორტს ორი საბაგირო და შვიდ კმ-იანი ხუთი სათხილამურო გზა აქვს.
საბაგიროებიდან ერთ-ერთი მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს კურორტ ჰაწვალთან აკავშირებს. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა.
ამასთანავე, მცირე ზომის საბაგიროები ფუნქციონირებს სვანეთის სოფლებში – მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში.