მალხაზ მაჩალიკაშვილი უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს სთხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ
მალხაზ მაჩალიკაშვილი უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს სთხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დამოუკიდებელ დეპუტატებს სთხოვს, მხარი დაუჭირონ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა, დეპუტატებს ადამიანური თხოვნით მივმართო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მხარს მიჭერს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შესაბამისად, მინდა, იმ ადამიანებს მივმართო თხოვნით, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ უკვე გამოვიდნენ. პარლამენტში ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მოგვეცა და აქედან გამომდინარე, გარეთ გვიწევს ამ მიმართვის გაჟღერება. დიდი იმედი მექნება, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერთ. მინდა, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

აღნიშნული თხოვნა ეხება დეპუტატებს: თამარ ჩუგოშვილს, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილს, ირინა ფრუიძეს, მარიამ ჯაშს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გეგიძეს, კობა ნარჩემაშვილს, ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ნინო გოგუაძეს, გიორგი მოსიძეს, გიორგი ბეგაძეს, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ეკა ბესელიას, ბექა ნაცვლიშვილს, დავით ჭიჭინაძეს, ალექსანდრე ერქვანიას და ზაზა ხუციშვილს.

თბილისის პროკურატურაში გუშინ განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.