მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში 150 დეპუტატის სახელზე განცხადება შეიტანა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, მისი შვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„წერილს ყველა დეპუტატს ვუგზავნი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩემი მოლოდინი დღევანდელ ხელისუფლებაში არის ნული. ამათ მე არც ხელისუფლებად მივიჩნევ და არც პარლამენტად, მაგრამ იმედი მაქვს, პარლამენტში იქნებიან ადამიანები, ვისაც გულის სიღრმეში ადამიანური გრძნობები ექნებათ. ერთი წელია, გამწარებული ვითხოვ შეკითხვაზე პასუხს, რატომ მოკალით, მძინარე მოკალით, თუ ეღვიძა. ერთი წელია „სირაქლემის პოზიციაში“ არიან, პასუხს არ მაძლევენ და იცით, რატომ? რადგან არ აქვთ პასუხი. დღესაც ვერ იპოვეს ადამიანი, ვინც თემირლანზე უარუოფითს იტყოდა. ადგნენ და ტერორისტად გამოაცხადეს. სიტყვა ტერორიზმზე მე მზარავს. დღევანდელმა ხელისუფლებამ ღირსება დაკარგა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.