მალხაზ მაჩალიკაშვილი - პროკურორთან შეხვედრიდან ერთ კვირაში გამოძიების დეტალები უნდა გვცოდნოდა, თუმცა 45 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - პროკურორთან შეხვედრიდან ერთ კვირაში გამოძიების დეტალები უნდა გვცოდნოდა, თუმცა 45 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა

მთავარ პროკურორთან შეხვედრიდან ერთ კვირაში უნდა ყოფილიყო გამოძიების დეტალები ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ უკვე 45 დღე გავიდა და არაფერი შეცვლილა, პრინციპში, აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი, სახელმწიფო თავის შეცდომას ხომ არ აღიარებს – ამის შესახებ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„ეს იქნება საქმე, ხეობა საქართველოს მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისი შეფასებით, გამოძიება ჩიხშია შესული, რადგან თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელებს მისამართი შეეშალათ და გამოძიების გაჭიანურებას სწორედ ამას უკავშირებს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილებას დუისში მესამე სექტორის, პანკისის საზოგადოებისა და ადვოკატების შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – განაცხადეს სუს-ში.