მალხაზ მაჩალიკაშვილი - კეთილი ინებონ და გამოიძიონ ზვიად გამსახურდიას საქმე, რათა საქართველოს ისტორიაში არ დარჩეს დიდი ლაქა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - კეთილი ინებონ და გამოიძიონ ზვიად გამსახურდიას საქმე, რათა საქართველოს ისტორიაში არ დარჩეს დიდი ლაქა

კეთილი ინებონ და გამოიძიონ ზვიად გამსახურდიას საქმე, რათა საქართველოს ისტორიაში არ დარჩეს დიდი ლაქა, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის ფოიეში განაცხადა, სადაც ცოტნე გამსახურდიასთან შესახვედრად მივიდა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროკურატურის შენობაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებისადმი სოლიდარობის გამოსახატად მივიდა. მისივე თქმით, სოციალური ქსელით შეიტყო, რომ კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად პროკურატურის ფოიეში შიმშილობდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის გამსახურდიები. დღეს გავიგე „ფეისბუქიდან“, რომ კონსტანტინე ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში მოხვდა. ესეც რომ არ იყოს, მე ხშირად მოვდივარ აქ. სანამ არ გაარკვევენ სიმართლეს, ჩვენ ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით. მე ისევე ვალდებულად ვთვლი მთელ ქართველ ერს, რომ დაუდგნენ გვერდით. ის ადამიანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეს არის საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი შავი ლაქა. ეს ხელისუფლება ხომ მოვიდა, შეჰპირდენენ ხომ მთელ ხალხს. ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, ჩვენ ყველაზე კარგები ვართ. ხომ მოვიდნენ და ტყუილით თუ დაშინებით მოიგეს, ხომ. მაშინ კეთილი ინებონ, თუ არიან კარგები და ძლიერები, როგორც ისინი თავის თავს თვლიან. ესენი ძლიერები და კარგები კი არა, დებილები არიან ყველა ერთად. კეთილი ინებონ და გამოიძიონ ეს საქმე, რომ საქართველოს ისტორიაში არ დარჩეს დიდი ლაქა. ასე თუ ისე, დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო და მხარს ვუჭერ ამ ადამიანებს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.