მალხაზ მაჩალიკაშვილი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მაჩალიკაშვილი დაბალი წნევითა და საერთო სისუსტის შეგრძნებით კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ამ წუთებში მას გამოკვლევები უტარდება.
კლინიკაში იმყოფება ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა, რომლის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის სანახავად მასთან კარავში იმყოფებოდა.
ქაცარავას ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში წაიყვანეს, ხოლო იქიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
„საღამოს მივაკითხეთ მალხაზ მაჩალიკაშვილს კარავში მე და ჩემმა მეგობრებმა. მან გვითხრა, რომ ცუდად გრძნობდა თავს, ზოგადი სისუსტე აღენიშნებოდა, განსაკუთრებით ბოლო ორი დღის განმავლობაში. როგორც თვითონ გვითხრა, ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა თავს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.