მალხაზ მაჩალიკაშვილი - იძულებული ვხდები, გაერთიანებულ ოპოზიციას დავუჭირო მხარი
არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო, იძულებული ვხდები, გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ დავუჭირო მხარი, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე წერს.
„მე, რიგითმა პანკისელმა კაცმა, თბილისში პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა. სიცივეში, წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა, ალბათ, გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათთვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთადერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს – ,,რატომ”. ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ – არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია. მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები გაერთიანებულ ოპოზიციას “ძალა ერთობაშია” დავუჭირო მხარი. ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ მხარს არდამიჭერთ, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, – წერს მაჩალიკაშვილი.