სიმართლის დასადგენად ერთი გზა დაგვრჩა, გამოვიდეთ, ვიდგეთ ქუჩაში, სანამ სიმართლეს არ დავადგენთ, – ამის შესახებ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
ის კონკრეტულ გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ აქციები გაიმართება, როგორც თბილისში, ასევე პანკისში.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, საქმის გამოძიების დაპირება მიიღო, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
„შექმნილი ხომ იყო საგამოძიებო ჯგუფი, საერთოდ, სიტყვას არ ახსენებენ თემირლან მაჩალიკაშვილზე. დაპირება იყო, მაგრამ რეაგირება არაა. დამპირდა გიორგი კვირიკაშვილი, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ საქმის გამოძიებისთვის და მას შემდეგ არავინ დაგვკავშირებია. უნდა განხილულიყო მაჩალიკაშვილის საქმეც. ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს დანაშაული, ისეთი დანაშაული, რომლის გამოსწორება არ შეიძლება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს, რომელსაც დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა აქვს. ასევე, კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეც ამავე პარტიიდანაა.
„საყვედური მაქვს „ევროპულ საქართველოსთან“. ოთხჯერ შეახსენეს, რატომ არ ახსენებდნენ მაჩალიკაშვილის საქმეს საგამოძიებო კომისიაში, ვითომ არ ესმოდათ. ჩვენ ხომ ვიყავით პრემიერთან და შევხვდით, ჩემი პრემიერთან მიღებაც იყო ძალით. ეს ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა. ყველა ჩემი მოთხოვნა იყო გაჟღერებული პრემიერთან – აღიაროს სახელმწიფომ ეს დანაშაული, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თემირლანი მოკლეს, ამას ვერსად გავექცევით. ეს არის რეალობა. ჩემთან ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. ეს სახელმწიფოს შეცდომაა“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მისი თქმით, შვილის სიკვდილზე მეტი მისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში ეჭვმიტანილად გამოცხადება იყო.
„ამ უსასტიკესი დანაშაულის გადასაფარად რომ გამოაცხადეს ჩემი შვილი ტერორიზმში ეჭვმიტანილად, ეს არის ჩემთვის მის სიკვდილზე მეტი. მე მათ ვეუბნები, აღიარონ მისი უდანაშაულობა, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა და დასაჯონ ეს ხალხი, ვინც ჩაიდინა ჩემთან ეს ტერაქტი. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, პანკისში აქციები რამადანის თვის დასრულებისთანავე დაიწყება.
„ორი დღე არის ჩვენთან დიდი დღესასწაული – ბაირამობა. ეს როგორც კი ჩაივლის, დაიწყება აქციები პანკისშიც და თბილისშიც. თბილისში სულ აქ ვართ მე და ზაზა სარალიძე, ვიქნებით ბოლომდე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.