მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი ფილარმონიაში ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ და იქ შეკრებილებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.
როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, ის და ზაზა სარალიძე დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილების მკვლელობაში დამნაშავეები დაისჯებიან.
„ძალიან მიყვარხართ ყველა, ამაში ღრმად დავრწმუნდი, მე არ შევმცდარვარ. დარწმუნებული ვარ, როგორც მე თქვენ მიყვარხართ, ისე გიყვარვართ. მე და ბატონი სარალიძე უკვე რვა თვეა, ქუჩაში ვართ, სამართალს ვერ ვპოულობთ ამ ხელისუფლების ხელში. ქუჩაში მშიერი, მწყურვალი – ეს არაფერია, ავიტანთ, არ გვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რაც აქვს პანკისის მიმართ, თავიანთი ქისტი დებისა და ძმების მიმართ. არასდროს მაგათ არაფერს ვაპატიებ. თემირლანთან ერთად ჩაკვდა მთელი ქისტობა, განადგურდა ქისტი მოსახლეობა.
მე ვფიქრობდი, ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა და მეტყოდა დამაწყნარებელ სიტყვას მაინც. ესენი ჩემზე და თემირლანზე ლაპარაკობენ. მე დიდი სიმწარით გავზარდე თემირლანი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა, თუ არის ეს უსაფრთხოების სამსახური, ამომძირკვა დედაბუდიანად. მე და ბატონმა ზაზამ გადავწყვიტეთ, ერთად დავდგეთ.
მე და ზაზა თქვენთან ერთად ვართ ღრმად დარწმუნებული, რომ დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც ამოსვარა სისხლში ხელები. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა და არიან ჩემთან ერთად ადამიანები, ვისაც არ უნდა ასეთი სისხლიანი ხელისუფლება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
როგორც ზაზა სარალიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე მათი შვილების მკვლელები არ დაისჯებიან.
„ამ ცხრა თვის განმავლობაში ერთი და იგივე გვესმოდა, რომ მკვლელი ვერ დგინდება. ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენი შვილების მკვლელები კანონის წინაშე არ იქნებიან დასჯილი. ვიბრძოლებთ ჩვენი მკვდარი შვილების სიწმინდის აღსადგენად. დღეს, ქართველებო, ერთად უნდა ვიდგეთ, რომ მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები. თქვენ იცით, სადაც ვართ დაბინავებული, ყველას გელოდებით იქ”, – განაცხადა სარალიძემ.