მალხაზ მაჩალიკაშვილი - აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობას და თავის გამასხარავებას
აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე, -ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ში გამოკითხვაზე შესვლის წინ განაცხადა.
მაჩალიკაშვილის თქმით, მისთვის სუს-ის შენობაში შესვლა სიკვდილის ტოლფასია და ურჩევნია დააკავონ, “ვიდრე მისი მოსისხლე მტრების შენობაში კიდევ ერთხელ გამოცხადდეს”.
„როგორც ყველა ხედავთ, დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ე.წ. ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას. ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე . იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ, ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია, აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ, დამაკავონ. მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო“ -განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქმე ეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მაჩალიკაშვილი უკვე მესამედ გამოიკითხება. მაჩალიკაშვილი უწყებაში ორ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მის განცხადებასთან დაკავშირებითაც იმყოფებოდა, რომლის მიხედვითაც იგი სუს-ის შენობასთან თავის აფეთქებას აპირებდა.
პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს დაკავებისას უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.