„როიტერი“ - მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა
მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის წვეულების დაბომბვის შედეგად, 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა.
ამის შესახებ „როიტერი“ გაერო-ს გამომძიებლების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, ანგარიში ეწინააღმდეგება საფრანგეთის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რადიკალი ისლამისტების პოზიციები დაიბომბა.
ავიაიერიში მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა. საფრანგეთს მალისა და მეზობელ ქვეყნებში 5 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რომელთა ამოცანა „ალ-ყაიდასთან“ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა.
მალიში გაერო-ს მისიის ადამიანის უფლებათა დანაყოფი იმ სოფელს ესტუმრა, სადაც იანვარში ავიაიერიში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ქორწილში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამხედრო დაჯგუფება „კატიბა სერმას“ ხუთი მებრძოლი იყო. აღნიშნული დაჯგუფება „ალ-ყაიდასთან“ არის კავშირში.
მალის მთავრობაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.