„როიტერი“ – მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა

20:30, 31.03.2021

მალიში საფრანგეთის ავიაციის მიერ ქორწილის წვეულების დაბომბვის შედეგად, 19 ადამიანი და სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა.

ამის შესახებ „როიტერი“ გაერო-ს გამომძიებლების ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში ეწინააღმდეგება საფრანგეთის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ რადიკალი ისლამისტების პოზიციები დაიბომბა.

ავიაიერიში მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა. საფრანგეთს მალისა და მეზობელ ქვეყნებში 5 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული, რომელთა ამოცანა „ალ-ყაიდასთან“ და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა.

მალიში გაერო-ს მისიის ადამიანის უფლებათა დანაყოფი იმ სოფელს ესტუმრა, სადაც იანვარში ავიაიერიში განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, ქორწილში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამხედრო დაჯგუფება „კატიბა სერმას“ ხუთი მებრძოლი იყო. აღნიშნული დაჯგუფება „ალ-ყაიდასთან“ არის კავშირში.

მალის მთავრობაში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მსგავსი