მაქსიმ კრივოშმა უკრაინის ქალაქ ლუცკში მძევლების აყვანას „პერფორმანსი“ უწოდა
მაქსიმ კრივოშს, რომელმაც 21 ივლისს უკრაინის ქალაქ ლუცკში მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით, 60 დღის ვადით პატიმრობა შეეფარდა.
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ კრივოშმა თავის ქმედებას „პერფორმანსი“ უწოდა, თუმცა განმარტა, რომ მძევლების აყვანა დადგმული, ყალბი არ ყოფილა.
კრივოშმა 21 ივლისს ავტობუსში მძევლად აიყვანა 13 ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად გაათავისუფლა.
მძევლებს შორის იყვნენ ბავშვები და ორსულებიც. დაახლოებით 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, გამტაცებელი დააკავეს, მძევლები კი ავტობუსიდან გამოიყვანეს.