მაკედონიაში სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე აქტივობამ 36.87 პროცენტი შეადგინა
მაკედონიაში სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე აქტივობამ 36.87 პროცენტი შეადგინა

მაკედონიის რეფერენდუმზე აქტივობამ 36.87 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

კონსტიტუციის მიხედვით, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭიროა, რათა რეფერენდუმი შემდგარად გამოცხადდეს. მაკედონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამის შემდეგ საკითხს პარლამენტი განიხილავს.

მმართველი პარტია კონსტიტუციური ცვლილებებისთვის მანდატების ორი მესამედის მოგროვებას შეეცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის 91 პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების ცვლილებას და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ რეფერენდუმი ჩაშლილად გამოაცხადა.

მაკედონიაში რეფერენდუმი ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით ჩატარდა. საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა. სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, საბერძნეთი მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა. შეთანხმებამ მაკედონიის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცება რეფერენდუმის შემდეგ უნდა მოხდეს. დასავლური ორიენტაციის მთავრობა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, ქვეყნის პრეზიდენტმა კი რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.