Reuters - მაკედონიის რეფერენდუმზე აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნება
Reuters - მაკედონიის რეფერენდუმზე აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნება

მაკედონიის რეფერენდუმზე აქტივობა 50%-ზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მმართველი პარტიის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.

50%-იანი ბარიერის გადალახვა საჭიროა, რათა რეფერენდუმი შემდგარად გამოცხადდეს. საარჩევნო უბნების დახურვამდე ნახევარი საათით ადრე, მოსახლეობის აქტივობა 34% იყო. რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის 91%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის სახელწოდების ცვლილებას და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.

მაკედონიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში არსებული მონაცემებით, აქტივობა 35%-ს შეადგენდა.

მაკედონიაში რეფერენდუმი ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით ჩატარდა. საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა. სახელწოდებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, საბერძნეთი მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ბლოკავდა.

შეთანხმებამ მაკედონიის მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცება რეფერენდუმის შემდეგ უნდა მოხდეს.

დასავლური ორიენტაციის მთავრობა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, ქვეყნის პრეზიდენტმა კი რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა.