დონალდ ტუსკი და იენს სტოლტენბერგი აცხადებენ, რომ მაკედონიის ბედი ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ უახლოეს დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული
დონალდ ტუსკი და იენს სტოლტენბერგი აცხადებენ, რომ მაკედონიის ბედი ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ უახლოეს დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული

მაკედონიის ბედი ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ უახლოეს დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივ განცხადებაში.

ტუსკისა და სტოლტენბერგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათენსა და სკოპიეს შორის მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ შექმნა ისტორიული შესაძლებლობა მაკედონიისთვის, გაერთიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში თანაბარუფლებიანი წევრის სტატუსით.

„ეს შეცვლის ქვეყნის მოსახლეობის და მათი შვილების ცხოვრებას უკეთესობისკენ. გუშინდელ რეფერენდუმში ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ გზას. წინსვლა მხოლოდ სკოპიეში პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. მათ მიერ უახლოეს დღეებსა და კვირებში მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ ქვეყნისა და მომავალი თაობების ბედს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – ნათქვამია ტუსკისა და სტოლტენბერგის განცხვადებაში.

მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შესახებ 30 სექტემბერს გამართული რეფერენდუმი ჩაშლილად გამოცხადდა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 36,01% შეადგინა.

რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 91,46 %-მა მხარი დაუჭირა საბერძნეთთან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება.

რეფერენდუმი სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ახლა ქვეყნის სახელწოდების შესახებ დისკუსია მაკედონიის პარლამენტში გაგრძელდება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედი.

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავას დაარეგულირებს, რომელიც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ბლოკავდა.