მაკედონიაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დააპატიმრეს
მაკედონიაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი საშა მიალკოვი დააპატიმრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიალკოვი უნგრეთში გაქცეული ყოფილი პრემიერის, ნიკოლა გრუევსკის გუნდის წევრია.
მანამდე მაკედონიაში მთავრობის ყოფილი გენერალური მდივანი კირილ ბოჟინოვსკი და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი მილეტ იანაკიევსკი დააკავეს.
მიალკოვი მაკედონიის სპეციალური პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რადგან პროკურატურის მტკიცებით, არსებობს მისი ქვეყნიდან გაქცევის რისკი.
მაკეოდნიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წინა მთავრობის მიერ მოქალაქეების უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფიგურანტია.
ამასთან, მაკედონიის ხელისუფლება უნგრეთისგან ყოფილი პრემიერის ექსტრადირებას ითხოვს. მაკედონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, სამშობლოში თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.