მაკა ბოჭორიშვილი - შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა
მაკა ბოჭორიშვილი - შარშან იმდენად სწრაფად მოხდა გამჭვირვალობის კანონპროექტის დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის დეტალები აგვეხსნა

შარშან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია და სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის გვესაუბრა შინაარსზე, აგვეხსნა დეტალები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საზოგადოება არ იყო იმდენად მომზადებული, ობიექტურად მიეღო ის ინფორმაცია, რაც კანონპროექტში იყო.

„საზოგადოებაში ბევრად უფრო სხვაგვარი დამოკიდებულებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. შარშან როდესაც მოხდა კანონპროექტის ინიცირება, უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება არ იყო იმდენად მომზადებული, ობიექტურად მიეღო ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც კანონპროექტში იყო. იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია კანონპროექტის წინააღმდეგ, იმდენად სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ ძალიან რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის მიგვეწვდინა ხმა და აგვეხსნა დეტალები, გვესაუბრა შინაარსზე. ჩვენ ამის შესაძლებლობა არც მოგვცემია.

სამწუხაროა, რომ პარლამენტში, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს რაღაც საკითხი განსახილველად, თუკი ვინმეს აინტერესებს, ხომ შეიძლება, განიხილონ და კითხვები დაისვას, იყოს ჯანსაღი მსჯელობა საკითხთან დაკავშირებით. არავინ ამბობს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე, ყველას ყველაფერი უნდა მოგვწონდეს, ყველა ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ყველას უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ კანონპროექტის განხილვა შარშან არ მოხდა და რეალურად ვერც მოხერხდა საპარლამენტო ფორმატებში. ბოჭორიშვილის განცხადებით, ამის მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუნდაც შემდგომ პერიოდში, რამდენად ნამდვილი იყო ის კამპანია, რაც ნაწარმოები იყო კანონპროექტის გარშემო.

„დღეს ვხედავთ საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციებს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ისევ არის კანონპროექტის გარშემო რაღაც მართვის ელემენტები და კამპანიური ელემენტები. არგუმენტს ვერ ვხედავთ და არის ერთადერთი რამ, რომ კანონი არის რუსული და ამიტომ არ უნდა განვიხილოთ, თუმცა ვერავინ ამბობს, რა აქვს ამ კანონპროექტს რუსული. ისევ ვხედავთ მცდელობებს, საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ჩართონ კამპანიაში, რომ როგორმე მოხდეს კანონპროექტის სხვაგვარად ინტერპრეტირება.

ხშირად გვისაუბრია კანონის ვითომცდა რუსულობასთან დაკავშირებით. საუბარი მუდმივად იყო გამჭვირვალობის საჭიროებაზე, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ითხოვენ, ან ასეა საჭირო, რომ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი, საზოგადოების წინაშე იყვნენ გარკვეულწილად ანგარიშვალდებული. კანონპროექტის მთავარი მიზანიც ხომ ეს არის. ჩვენ ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უფრო მეტ მონაწილეობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამაში ცუდი არაფერია, საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წრე იყოს ჩართული იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენსავე ხალხს უნდა მოხმარდეს. გამჭვირვალობის მოთხოვნა აუცილებელია პროცესში. მარტო მე არ ვფიქრობ ასე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის დირექტივაშიც ეს არის მთავარი ღერძი, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს უკეთ ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.

რატომ შეიძლება, მალავდე? თუკი ამბობ, რომ შენ ხარ ის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, შენს საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა იქონიო, პოზიტიური წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში, ანუ ამიტომ ხარ შექმნილი, გაქვს ამბიცია, იყო ჩართული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში პოზიტიური წვლილის შესატანად შენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. თუკი ეს არის შენი საქმიანობის მიზანი, მაშინ რა არის ამაში დასამალი? მართლაც გაუგებარია ამხელა ამბავი, თუკი რაღაცას არ აფუჭებ, რატომ უნდა მალავდე. როგორ შეიძლება, რაღაცას აკეთებდე და არ გინდოდეს, ამაზე ხმამაღლა საუბარი. მართლაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რატომ არ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ? მთელი წლის განმავლობაში არაერთი მომენტი გამოვლინდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, შეიძლება, არაკეთილსინდისიერადაც იყენებენ იმ დახმარებას და ფინანსებს, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნებისგან იღებენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.