მაისიდან კომპენსაციას მიიღებენ ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები, რომლებსაც წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ანაზღაურება აღებული
მაისიდან კომპენსაციას მიიღებენ ხელფასის გარეშე დარჩენილი პირები, რომლებსაც წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ანაზღაურება აღებული

მიმდინარე წლის მაისიდან კომპენსაციას მიიღებენ ის დაქირავებული პირები, რომლებსაც წლის პირველ სამ თვეში, ანუ იანვარში, თებერვალსა და მარტში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული და შემდეგ თვეში (თვეებში) ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ საჭირო ინფორმაციას საგადასახადო ორგანოში დამქირავებელი თავად წარადგენს.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, საქართველოს მთავრობისგან მთლიანობაში 1200 ლარს, ანუ ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

„კომპენსაციის მოთხოვნისთვის დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე ელექტრონულად, გადამხდელის პირადი ვებგვერდის მეშვეობით, დადგენილი ფორმით წარმოადგენს იმ პირთა სიას, რომლებზეც ერთხელ მაინც აქვს გაცემული ხელფასი 2020 წლის პირველ კვარტალში და აღარ გაუცია წინა თვეში. შესაბამისად, დამქირავებელმა შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია: დაქირავებულის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე დაქირავებულის პირადი საკონტაქტო მონაცემები და საბანკო რეკვიზიტები“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ყოველი თვის 20 რიცხვამდე, დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მოამზადებს საკომპენსაციო პირთა ბაზას და გადაუგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც პირის საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაირიცხება. პირველი საკომპენსაციო თვე 2020 წლის აპრილი იქნება.