მაიმუნები ინჟინერიით გამოყვანილი ემბრიონის სტრუქტურებით დაორსულდნენ — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, მაიმუნის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მეცნიერებმა ემბრიონის მსგავსი მოდელები შექმნეს, რომლებიც შემდეგ სუროგატ „დედა“ მაიმუნს გადაუნერგეს. ორსულობის ადრეულ ეტაპზე მათში პროგრესი შეიმჩნევა.
ღეროვანი უჯრედებით ამ მოდელების ვერსიები ადამიანებშიც არის შექმნილი, მაგრამ მეცნიერებისთვის, რომლებიც მათ ზრდიდნენ, დაწესებული იყო 14-დღიანი ლიმიტი. უფრო მეტიც, სუროგატ ადამიანებში მათი გადანერგვა ამჟამად გამორიცხულია, რაც რეალურ სამყაროში ამ ემბრიონული განვითარების კვლევებს ართულებს.
ალტერნატიული მიდგომის ძებნისას, ჩინელმა მკვლევრებმა ადამიანის ყველაზე ახლო ნათესავ სახეობას მიმართეს, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ — კიბორჩხალაჭამია მაკაკას (Macaca fascicularis).
ზრდის ფაქტორების ფრთხილად სელექცირებისთვის, მეცნიერებმა მაკაკის ემბრიონული ღეროვანი უჯრედები უჯრედულ კულტურაში მოათავსეს. უჯრედები დაამუშავეს, რათა წარმოექმნათ ემბრიონის მსგავსი სტრუქტურები, სახელად ბლასტოიდები.
ექსპერიმენტის ღეროვან უჯრედთა მეოთხე ბლასტოიდის ფორმაში პროგრესს განიცდიდა, წარმატების იმავე მაჩვენებლით, რაც წინა ექსპერიმენტებში, ადამიანის ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ჩართულობისას დაფიქსირდა. ამის შემდეგ, მათი კულტივირება ლაბორატორიაში მოახდინეს, იქამდე, ვიდრე ისინი სამი განსხვავებული შრის წარმოქმნას დაიწყებდა პროცესში, რომელსაც გასტრულაცია ეწოდება და წარმოადგენს ემბრიონის განვითარების იმ საკვანძო მომენტს, რომელიც სხეულის ძირითად გეგმას ადგენს. ბლასტოიდებიდან რამდენიმემ წარმოქმნა ყვითრის პარკი (განვითარების საწყის სტადიაზე ჩანასახის მკვებავი ორგანი) ამნიონი (ჩანასახის შიგნითა გარსი).
მიკროსკოპში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ბლასტოიდებს ისეთივე მახასიათებლები ჰქონდა, რაც მე-7 ეტაპის ემბრიონს (ადამიანებში ეს ეტაპი განაყოფიერებიდან 18-21 დღის შემდეგ დგება).
სხეულის გარეთ ზრდისას, მაიმუნის ემბრიონის ეს მოდელები დაახლოებით მე-18 დღეს იშლება, მაგრამ სამომავლო ექსპერიმენტებში მკვლევრები სხვა ისეთი სისტემების შესწავლას გეგმავენ, რომლებიც წარმატებული იყო თაგვების ბლასტოიდების კულტივირებაში.
მაიმუნების ბლასტოიდების შექმნა ექსპერიმენტის მხოლოდ ნახევარი იყო: ზოგიერთი მათგანი ასევე გადანერგეს რვა მდედრი მაიმუნის საშვილოსნოში.
მეცნიერებმა შვიდი დღის კულტივირებული ბლასტოიდები შეარჩიეს, რომლებსაც ჰქონდათ როგორც შიდა და გარე უჯრედული მასა, ისე ხილული სიღრუე, რადგან ეს ყველაფერი ბუნებრივი ემბრიონების საკვანძო მახასიათებლებია. თითოეულ სუროგატ მაიმუნს 8-10 ბლასტოიდი შეუყვანეს და მომდევნო 20 დღის განმავლობაში ულტრაბგერებითა და ჰორმონული ტესტირებით აკვირდებოდნენ.
ემბრიონის მსგავსი სტრუქტურები წარმატებით გადანერგეს სამ სუროგატ დედაში; წარმატებით წარმოიქმნა ადრეული მაკეობის ტომრები (სითხით სავსე მემბრანა, რომელიც მოიცავს ემბრიონსა და ამნიონურ სითხეს), რომლებმაც ტრანსპლანტაციის შემდეგ ერთი კვირა გაძლო. სუროგატ დედებს ასევე მოემატათ პროგესტერონის (მდედრობითი სასქესო ჰორმონი) და ქრონიკული გონადოტროპინის დონე — ჰორმონების, რომლებიც ორსულობასთან არის დაკავშირებული.
დაახლოებით ერთ კვირაში, ყველა ემბრიონული სტრუქტურა სრულად გაქრა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მოხდა მათი იმპლანტირება და ჰორმონების გამოყოფა, მიუთითებს, რომ რაღაც მცირე ხნით მაიმუნები მართლაც იყვნენ ორსულად.
ასეთი ექსპერიმენტების ადამიანის უჯრედებითა და სუროგატებით გამოყენებით ჩატარებამ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას საკუთარი ბიოლოგიისა და მისი პოტენციალის შესახებ, მაგრამ დგება ეთიკური პრობლემა. დაპირისპირების საგანია მაკაკების გამოყენებაც: მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასეთ ექსპერიმენტებში პრიმატების გამოყენება აკრძალულია.
ექსპერიმენტი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა და მას ნეირომეცნიერი ქიანგ სანი ხელმძღვანელობდა. საკუთარ კარიერაში მას უკვე შექმნილი აქვს ორი კლონირებული მაკაკა.
სანს სჯერა, რომ დიდი ოდენობით გენმოდიფიცირებული მაიმუნის მოდელების შექმნა სწრაფად და ეფექტიანად შეუწყობს ხელს ადამიანთა სხვადასხვა აშლილობისთვის რელევანტური მოდელი ცხოველების შექმნას და გააღრმავებს ჩვენს გაგებას სიცოცხლის მეცნიერებაში.
კვლევა Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.