მაიკ პომპეო - ერდოღანის მუქარა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გასვლას ვერ შეაჩერებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თქმით, სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლას თურქეთის პრეზიდენტის მუქარა ვერ შეაჩერებს. ეს განცხადება მაიკ პომპეომ ერაყის ქურთისტანის ნახევრადავტონომიურ რეგიონში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ აშშ-ის მოკავშირე სირიელი ქურთების უსაფრთხოება დაცული იქნება.
„მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოკავშირეები დაცული იყვნენ და ერდოღანმა ეს პირობა უკვე დადო და მან ეს იცის” – განაცხადა პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა, თუმცა პროცესი შეჩერდა, რათა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში აშშ-ის მოკავშირე სირიელი ქურთების უსაფრთხოება გარანტირებული იყოს. თურქეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე ქურთებისთვის ასეთი გარანტიის გაცემაზე უარი თქვა.
მაიკ პომპეო ტურნეს ფარგლებში ერაყის დედაქალაქში იმყოფებოდა. ბაღდადსა და ერბილში ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.