მაიამიში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე ჩოგბურთში ყველასთვის მოულოდნელი ფინალი შედგება.19 წლის იტალიელმა იანიკ სინერმა (31) ნახევარფინალში გამოცდილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (12) სძლია და დამსახურებულად გავიდა პრესტიჟული გათამაშების ფინალში (5:7 6:4 6:4).
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა, სადაც პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა (37) რეიტინგის მერვე ნომერი, რუსი ანდრეი რუბლიოვი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:3 6:4 დაამარცხა. მეტოქეები ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან.
ტურნირის მომგები ჩოგბურთელი განახლებული რეიტინგის ოცეულში მოხვდება, რაც ორივე სპორტსმენისთვის კარგი შედეგი იქნება.
მაიამის მასტერზე, რომლის გამარჯვებულიც 1000 სარეიტინგო ქულას იღებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ტურნირზე დიდი სამეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ ასპარეზობს.
2019 წელს ეს პრესტიჟული გათამაშება შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა მოიგო, 2020 წელს კი ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარდა. მაიამის მასტერსი 1985 წლიდან იმართება. 21-ე საუკუნეში ტურნირის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მოგება მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო.