მაიამის მასტერსი პოლონელმა ჰურკაჩმა მოიგო #1TVSPORT
მაიამის მასტერსი პოლონელმა ჰურკაჩმა მოიგო #1TVSPORT

მაიამიში დასრულებული მასტერსის ტურნირი ჩოგბურთში ყველასთვის მოულოდნელად პოლონელმა ჰუბერტ ჰურკაჩმა მოიგო. ფინალში მან 19 წლის იტალიელი იანიკ სინერი ანგარიშით 7:6 6:4 დაამარცხა.

პოლონელი ჩოგბურთელი, რომელიც ტურნირის დაწყებამდე რეიტინგში 37-ე ადგილს იკავებდა, განახლებულ სიაში 2600 ქულით მე-16 ადგილზე გადაინაცვლებს. ჰურკაჩმა კარიერაში პირველად მოახერხა ამ რანგის ტურნირის მოგება.

მაიამის მასტერზე, რომლის გამარჯვებულიც 1000 სარეიტინგო ქულას იღებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ დიდი სამეულის არც ერთი ჩოგბურთელი არ ასპარეზობს.

2019 წელს ეს პრესტიჟული გათამაშება შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა მოიგო, 2020 წელს კი ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარდა. მაიამის მასტერსი 1985 წლიდან იმართება. 21-ე საუკუნეში ტურნირის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მოგება მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო.