ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის „მასტერსი“ 19 წლის დანიელთან წააგო #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის „მასტერსი“ 19 წლის დანიელთან წააგო #1TVSPORT

პარიზის „მასტერსი“ სენსაციურად დასრულდა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალში 19 წლის დანიელთან ჰოლგერ რუნესთან სამ სეტში წააგო – 6:3, 3:6, 5:7.

რუნემ გადამწყვეტ მატჩში გმირული თამაში აჩვენა. პირველი სეტის წაგების შემდეგ, დანიელმა მეორე სეტის პირველი გეიმი 0:40-დან გადაარჩინა, მესამეში 1:3-დან დაბრუნდა თამაშში, ბოლო გეიმში კი ექვსი ბრეიკპოინტი მოიგერია.

რუნესთვის მთლიანად ტურნირზე ჰქონდა გმირული გამოსვლა. ფინალამდე მან TOP10-ის ოთხი ჩოგბურთელი დაამარცხა – ჰუბერტ ჰურკაჩი, ანდრეი რუბლიოვი, კარლოს ალკარასი და ფელიქს ოჟე-ალიასიმი (შეწყვიტა კანადელის 16-მატჩიანი მოგებების სერია). გარდა ამისა, სტენ ვავრინკას წინააღმდეგ სამი მატჩბოლი მოიგერია.

ჰოლგერ რუნე ფანტასტიკურ თამაშს აჩვენებს სეზონის მეორე ნახევარში. დანიელმა ზედიზედ მეოთხე ტურნირის ფინალში ითამაშა და ბოლო 21 მატჩიდან 19 მოიგო. ამ გარღვევის წყალობით, სკანდინავიელი ორშაბათიდან რეიტინგის ტოპ-ათეულში შევა.

19 წლის რუნე პარიზის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია ბორის ბეკერის (1986) შემდეგ.