მაიამის მასტერსზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
მაიამის მასტერსზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT

მაიამიში მიმდინარე მასტერსის ტურნირზე ჩოგბურთში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. პირველ შეხვედრაში ფინალში გასასვლელად ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (12) იტალიელ იანიკ სინერს (31) შეხვდება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ დაპირისპირებიან და ორივე მატჩი 19 წლის იტალიელმა მოიგო.

მეორე ნახევარფინალში რეიტინგის მერვე ნომერი, რუსი ანდრეი რუბლიოვი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (37) დაუპირისპირდება. მათი ერთადერთი ორთაბრძოლა პოლონელის გამარჯვებით დასრულდა.

მაიამის მასტერზე, რომლის გამარჯვებულიც 1000 სარეიტინგო ქულას იღებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ტურნირზე დიდი სამეულის არცერთი ჩოგბურთელი არ ასპარეზობს. 2019 წელს ეს პრესტიჟული გათამაშება შვეიცარიელმა ლეგენდამ როჯერ ფედერერმა მოიგო, 2020 წელს კი ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარდა.

მაიამის მასტერსი 1985 წლიდან იმართება. 21-ე საუკუნეში ტურნირის ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ მოგება მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლო.