მაია სანდუ - ვერ დავუშვებთ, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის აღსადგენად, საქართველოსა და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება
მაია სანდუ - ვერ დავუშვებთ, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის აღსადგენად, საქართველოსა და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება

12-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი და წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სამი ათწლეული შეგვისრულდა, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება კონტაქტების ახალი იმპულსი სხვადასხვა სფეროში.

ამასთან, მაია სანდუმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა მხარს უჭერენ უკრაინას და სთავაზობენ თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ომს გამოექცნენ.

მაია სანდუს თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა. მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის გარეშე, ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა.

„ჩვენმა ქვეყნებმა პირველივე დღიდან დაგმეს რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, განადგურდა ათობით ქალაქი და სოფელი, სახლებიდან​ გააძევეს მილიონობით ადამიანი. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას და თავშესაფარს იმ უკრაინელებს, რომლებიც გამოიქცნენ ჩვენს ქვეყნებში. უნდა დაისაჯოს ეს დიდი კრიმინალი – ომის დანაშაული, რომელიც ჩადენილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ ეს არის არალეგალური ანექსირების მცდელობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა, უპირობო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ვაღიარებთ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ეს კიდევ უფრო რელევანტურია, რადგან როგორც მოლდოვას, ასევე საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტები აქვთ ტერიტორიებზე“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტმა ​მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორ სანდუმ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, „რათა აღდგეს მშვიდობა და საერთაშორისოდ აღიარებული წესრიგი“.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღვადგინოთ მშვიდობა და საერთაშორისოდ აღიარებული წესრიგი. საქართველოსა და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა მათი მოქალაქეებისთვის. გვსურს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება, გვსურს, გავაგრძელოთ მთავრობათაშორისი კომისიის თანამშრომლობა, იქნება ეს ეკონომიკური, სხვადასხვა კონტაქტების გაძლიერების კუთხით, თუ ადამიანური რესურსების კუთხით. გვსურს, გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება, რათა შევებრძოლოთ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, „ქართველებისა და მოლდოველების ვალია, შევძლოთ ევროპული ოცნების შესრულება, ჩვენი ხალხების ევროპული ოცნების შესრულება“.

ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, განვვითარდეთ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფარგლებში. ძალიან მიხარია, რომ 2021 წელს, სამიტის ფარგლებში შევძელი ბათუმში ვიზიტი. მე დიდი სიხარულით გმასპინძლობთ და გიმასპინძლებთ კიშინეუში მომავალ გაზაფხულს ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე, რომელსაც პრაღაში ჩაეყარა საფუძველი. დიალოგი და ორმხრივი ღია თანამშრომლობა, ასევე ღირებულებების გაზიარება, თავისუფლების, დემოკრატიისა და გამოცდილებების აგზიარება გახლავთ ევროპული ინტეგრაციის ნაწილი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყნებს, კიდევ უფრო გააძლიერონ თავიანთი ევროპული კურსი, დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, იცხოვრონ თავისუფალ მსოფლიოში“, – განაცხადა მაია სანდუმ.