მაია რობაქიძე - სახელმწიფომ გარკვეული სტანდარტი უნდა შეიმუშაოს, რითაც ძიძების რეესტრში მყოფი აღმზრდელების მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება
სახელმწიფომ გარკვეული სტანდარტი უნდა შეიმუშაოს, რითაც რეესტრში მყოფი ბავშვთა აღმზრდელების კონტროლი და მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება, – განაცხადა აღმზრდელთა რეესტრის შექმნის კანონპროექტის ავტორმა, მოქალაქე მაია რობაქიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„პირველ რიგში, უნდა მოხდეს ძიძების ფსიქოლოგთან გასაუბრება, ტრენინგების შედეგად გარკვეული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და პედიატრიული თვალსაზრისით მათი დატრენინგება, რათა მათ ბავშვისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეძლონ. ასევე, მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ“, – განაცხადა რობაქიძემ.
აღმზრდელთა რეესტრის შექმნის კანონპროექტის ავტორმა მოქალაქემ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული პრევენციული მექანიზმი შეიმუშაოს, რაც მუდმივად ცოცხალი რგოლი იქნება და რითაც ბავშვზე ძალადობის, თუ ცუდი ზეგავლენის ფაქტები მინიმუმამდე დავა.
„არის შემთხვევები, როცა ძიძებმა ბავშვებს გარკვეული გადამდები დაავადებები გადასდეს. ასევე, ცოტა ხნის წინ გამოვლინდა და გასაჯაროვდა ფაქტი, როცა ბაღის აღმზრდელს ტუპერკულოზი აღმოაჩნდა და შესაძლებელია, ასეთი ფაქტი ოჯახშიც მოხდეს“, – განაცხადა რობაქიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კანონპროექტის მიხედვით, იქნება თუ არა აღმზრდელთა რეესტრის გამოყენება მშობლებისთვის ნებაყოფლობითი, მაია რობაქიძემ აღნიშნა, რომ მათთვის ეს ნებაყოფლობითი იქნება, სააგენტოებისთვის კი სავალდებულო.
შეკითხვაზე, შეძლებენ თუ არა ძიძები რეესტრის გვერდის ავლით მუშაობის დაწყებას, საკანონმდებლო წინადადების ავტორმა თქვა, რომ რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იქნება და ისინი დასაქმებას სააგენტოების გავლით ვეღარ მოახერხებენ.
„ამას მონიტორინგს სახელმწიფო გაუწევს. კონკრეტულად ის ორგანო, რომელიც რეესტრს აწარმოებს. არჩევანი, თუ ვის ანდობს საკუთარი შვილის აღზრდას, მშობლისთვის ნებაყოფლობით იქნება და თუ ვთქვათ, ოჯახს სურს, ძიძად მეზობელი მოიწვიოს, ბუნებრივია, სახელმწიფო ამაში არ ჩაერევა“, – განაცხადა მაია რობაქიძემ.