მაია ნიკოლეიშვილი - ექსპერტიზის დასკვნაში მაჩალიკაშვილის სხეულის დაზიანებებია აღწერილი, სროლის მანძილი ვერ განვსაზღვრეთ
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის პირველადი ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.
მისი თქმით, დასკვნაში აღწერილია მაჩალიკაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები. სროლის მანძილი ვერ განისაზღვრა.
„პირველადი ექსპერტიზის დასკვნა არის. მასში აღწერილია დაზიანებები, რომელიც აღენიშნებოდა მაჩალიკაშვილს სხეულზე. სროლის მანძილი ვერ განვსაზღვრეთ, რადგან უკვე პირველი ოპერაციული ჩარევის შემდეგ სახეშეცვლილი იყო შესავალი ჭრილობა და ასევე, ძვლის ფრაგმენტი შესავალი ჭრილობის მიდამოში.
აქედან გამომდინარე, ვთქვით, რომ სროლის მანძილს ვერ ვსაზღვრავთ. სროლის მიმართულება თითქმის ჰორიზონტალურია წინიდან უკან და ერთი ცეცხლნასროლი დაზიანება არის მიყენებული შუბლის მიდამოში“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ექსპერტიზის მიზანს არ წარმოადგენდა მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის დადგენა.
„ამ ექსპერტიზის მიზანს არ წარმოადგენდა მკურნალობის ადეკვატურობის საკითხის დადგენა. ეს უკვე შემდგომი ექსპერტიზებია – პოზები, მსროლელი, თემირლანი, ეს არის შემდგომი ეტაპები. უბრალოდ, აღნიშნული ეტაპი უნდა განვლილიყო და დასკვნა დადებულიყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, კომისიური ექსპერტიზები დაინიშნება.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემრილან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.