მაია მიმინოშვილი - გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით, გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ
გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთ პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით, რადგან ამ დროს სკოლებში და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესია და გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.
„ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. შესაძლებლობა რომ მქონდეს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, ძალიან კარგი იქნება. ერთადერთი პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა მუშაობს გაზაფხულზე და საგამოცდო პროცესის წასამართად სასტუმროებს ვერ დავიქირავებ. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა”,- განაცხადა მიმინოშვილმა.
დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ივლისში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ უნდა ტარდებოს. მისივე თქმით, ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს.