განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს

ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განუცხადა, რომელიც 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრთან გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სკოლებში მოძველებული ელექტროგაყვანილობაა, რომელიც კონდიცირების სისტემის დატვირთვას ვერ უძლებს, ამიტომ დამატებითი ელექტროსადენები გარედან შეიყვანეს.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების თარიღს, ჩხენკელის განცხადებით, ეროვნული გამოცდები მომავალი წლიდან შესაძლოა, გაზაფხულზე, სემეტრის ბოლოს ჩატარდეს.

„მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი 2-დან 5 ივლისის ჩათვლით ჩვენ გადავწყვიტეთ, გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას. ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. ჩემი მოსაზრება გახლავთ, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე და მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, გაზაფხულის ბოლოს, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, რომ არ იყოს ივლისში, როცა ასე ცხელა და შემჭიდროვებულ ვადებში. უცხოეთის ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის აშშ-ში, რომ გამოცდები ტარდება სემესტრის განმავლობაში. ასე რომ, გამოცდების ჩატარება სემესტრის ბოლოს შესაძლებელია“, – აღნიშნა მიხელ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. აპლიკანტები პირველ გამოცდას ქართულ-ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.