მაია ცქიტიშვილი - ყოველგვარი სპეკულაცია, რომ სოციალურ პაკეტს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, საფუძველს მოკლებულია
ყოველგვარი ბრალდებები, სპეკულაცია, რომ სოციალურ პაკეტს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, არის საფუძველს მოკლებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან ზრუნავს მოქალაქეებზე და ეს ზრუნვა გაგრძელდება ნებისმიერ პერიოდში, იქნება ეს წინასაარჩევნო, თუ საარჩევნო პერიოდში.
„ყველა დახმარების პაკეტი, რომელიც გაიცემა, უნდა იყოს პირველ რიგში საბიუჯეტო პარამეტრებში, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამა თუ იმ კომპენსაციის გაცემის, რა თქმა უნდა, საჭირო არის დათვლა და დრო საჭირო იყო, რათა ჩვენ შეგვეფასებინა უკვე კომპენსაციის მომთხოვნთა რაოდენობა. გახსოვთ, რომ თავიდან შეთავაზება გავაკეთეთ მოსახლეობისთვის როგორც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაკარგავდა შემოსავალს და თავიდანვე ვერ განვსაზღვრავდით, რამდენი ადამიანი იქნებოდა ისეთი, რომელიც მიმართავდა მთავრობას ამა თუ იმ კომპენსაციის მისაღებად. შესაბამისად, დრო მხოლოდ დასათვლელად კი არა, ყველას ერთად გვჭირდებოდა, რათა გვენახა, რომ თუნდაც 250 ათასმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფოს თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად, გვენახა, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანმა მიმართა სახელმწიფო, რომ ჩვენ აგვენაზღაურებინა მათთვის სამსახურის დაკარგვის კომპენსაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურა ყველა ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული ამ ადამიანების მხრიდან სახელმწიფოსთან მიმართვის გასაკეთებლად, შევაფასეთ, რა ფინანსური რესურსის დახარჯვა გახდებოდა საჭირო უკვე ამ კატეგორიების კომპენსაციების გასაცემად, ჩვენ უკვე შევძელით და დავინახეთ, რა ფინანსური რესურსი რჩება სახელმწიფოს, რომ გავანაწილოთ შემდგომ კატეგორიებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენი ვალი და ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.