მაია ცქიტიშვილი - ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრებს შევქმნით
„წლის დასაწყისში ვთქვით, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრებს შევქმნიდით“, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული უბნის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირება.
„სხვადასხვა ეტაპზეა დუშეთის, თელავის, ასურეთის, მესტიაში ლაღამის უბნის, უშგულის, აბასთუმნის, სტეფანწმინდის, გორის, ველისციხის, ბაკურიანის, ბახმაროს და სხვა დასახლებების ცენტრალური თუ ისტორიული უბნების აღდგენა-რესტავრაციის პროექტები.
2019-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება ვანის, ონის, ბორჯომის, სტეფანწმინდას, მცხეთის მუზეუმების პროექტირება და მშენებლობა.
გაგრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, სამთო-სათხილამურო კურორტებზე, სანაპირო ზოლზე, ტურისტულ ცენტრებში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, სამინისტროს პრიორიტეტად რჩება რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც შექმნის მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს, გააძლიერებს რეგიონებს ეკონომიკურად და ხელს შეუწყობს ქალაქსა და რეგიონებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოფხვრას.
,,მნიშვნელოვნად – 46 პროცენტით გაიზარდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტი, პროექტების მიმართულებები და პროექტების რაოდენობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.