მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო საგზაო მაგისტრალების მშენებლობის კუთხით მუშაობა გრძელდება
საქართველოში საერთაშორისო საგზაო მაგისტრალების მშენებლობის კუთხით აქტიური მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს 2018 წელს განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. შარშან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდა 617 პროექტი და 1 მლრდ 478 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის – 727 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით 218 კმ გზა განახლდა და 25 ახალი ხიდი აშენდა, მათ შორისაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხობი-ლესიჭინეს მონაკვეთზე, მდინარე ხობისწყალზე ახალი სახიდე გადასავლელის მშენებლობა.
„გასულ წელს დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც საკურორტო ზონა ტრანზიტული მოძრაობისგან განტვირთა და ბათუმამდე მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე დასრულდა მესტია-უშგულის რთულ მონაკვეთზე 10 კმ გზის მშენებლობა. ეს უშგულამდე ერთადერთი გზაა და მას აქტიურად იყენებენ როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები. გადაადგილება უსაფრთხო გახდა ზამთრის თვეებშიც. ამავე გზის სხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დარიალის ხეობაში, დევდორაკის 2 კმ-იანი გვირაბის დასრულებულ მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ამის მეშვეობით, ხეობაში გადაადგილება უსაფრთხო გახდა და გზის ტრანზიტული ფუნქცია მთელი წელი ნარჩუნდება.
ასევე, შარშან დასრულდა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია და მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებისა და კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობის მშენებლობა.