მაია ცქიტიშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ფცასა და ქვემო შაქშაქეთში მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა და სოფლის მოსახლეობამ რეგიონსა და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღნიშნეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა კონკრეტულ დასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტების სწორად განსაზღვრისა და შესაბამისად, მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის მიზნით.
„როდესაც 2019 წლის ბიუჯეტს ვგეგმავდით აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მოსახლეობასთან. ამ კომუნიკაციის ნაწილი იყო სოფლის პროგრამა, რომელიც აღვადგინეთ წელს და სწორედ მაშინ სოფელმა ფცამ გადაწყვიტა გარე განათების გაკეთება, რაც დასრულდა უკვე. დღესაც ჩვენ გვქონდა საშუალება უშუალოდ სოფლის მოსახლეობისგან გაგვეგო მათი სხვა საჭიროებების შესახებ, გვეკითხა, რა პრიორიტეტები აქვთ და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ აქტიურ შეხვედრებს, პირდაპირ დიალოგს მოსახლეობასთან. ამ შეხვედრების მიზანი იქნება პრიორიტეტული საჭიროებები ხელისუფლებამ უშუალოდ ადგილობრივებისგან გაიგოს, მიღებული ინფორმაცია კი 2020 წლის ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინოს.
„დღეს მოსახლეობასთან საუბრისას შევეხეთ სხვადასხვა მიმართულებას. მელიორაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება, ასევე ახალგაზრდებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, სკოლის რეაბილიტაცია. ეს არის ხელისუფლებისა და ხალხის ჯანსაღი დიალოგის მაგალითი – ჩვენ ვუსმენთ ჩვენ მოსახლეობას და ვრეაგირებთ შესაბამისად. ძალიან გამახარა იმან, რომ ამ შეხვედრებზე ახალგაზრდების ხმა ისმის საკმაოდ მკაფიოდ და ჩვენ მზად ვართ მათი ინტერესები და წინადადებები გავიზიაროთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.