მაია ცქიტიშვილი - დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი, ვადასტურებთ მზაობას, რომ ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან
მოლაპარაკების შედეგიც არის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტიაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე კომენტირებისასა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ პოზიცია პირველივე დღიდან იყო ასეთივე, როგორც არის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებისთვისაც მზაობა გვაქვს, ამ მოლაპარაკების პროცესშიც არაერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. როგორც ხედავთ, ამ მოლაპარაკების შედეგიც არის მათ შორის, რომ დღეს პარლამენტში უკვე სამი პარტია არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავადასტურებთ მზაობას, რომ პარლამენტში ასეთ მულტიპარტიულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტიასთან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ პარტიების ლიდერები თუ პირველ ადგილზე დააყენებენ საქართველოს ინტერესებს, მოუსმენენ ამომრჩეველს, ეს წაახალისებს გამოსავლის პოვნას და პარლამენტში მუშაობის დაწყებას.