მაია ცქიტიშვილი - ჩვენთვის ყველა მეგობრის გზავნილი საყურადღებოა, მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ ადამიანების სწორად ინფორმირებისთვის
ჩვენთვის საყურადღებოა ყველა მეგობრის გზავნილი, იქნება ეს აშშ-დან თუ ევროპარლამენტიდან, – ასე უპასუხა დღეს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილების შესახებ.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო კონგრესმენებისა და სენატორების სწორად ინფორმირების მხრივ.
ამასთან, როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, სასურველი იქნებოდა, კონგრესმენებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაციით მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია.
„ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ და ამ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. პრაქტიკულად, ყველა წერილში, ყველა გამოხმაურებაში ვხედავთ, რომ არის ფაქტობრივი უზუსტობები, არასწორი ინფორმაცია, რამაც მათ შეუქმნა არასწორი განცდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, კონგრესმენებს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით ჰქონოდათ სურვილი, საქართველოს მთავრობისგან ან პარლამენტის წევრებისგან მიეღოთ უფრო ზუსტი ინფორმაცია, ვიდრე სრულად დაუჯერებდნენ იმ ცნობებს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან საჭიროა უფრო აქტიური კომუნიკაცია, რათა ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა ის ინფორმაცია მიიღონ, რომელიც საშუალებას მისცემთ, უფრო ობიექტურად იმსჯელონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.