მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ძალიან ძლიერი ევროატლანტიკური მისწრაფებები გაგვაჩნია და ეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ნაწილია
მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ძალიან ძლიერი ევროატლანტიკური მისწრაფებები გაგვაჩნია და ეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ნაწილია

საქართველომ უნდა შეასრულოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ბუნებრივი როლი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ლონდონში, „ბლუმბერგის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვიყავით აბრეშუმის გზის ნაწილი. დღეს ღია ეკონომიკური პოლიტიკითა და ყველა ინიციატივით ვცდილობთ არა მარტო ფიზიკურად დავაკავშიროთ ბაზრები, არამედ ხიდად ვიქცეთ ქვეყნებს შორის. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთანაც. თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები გვაქვს თურქეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობასთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან და ეს გვაძლევს შესაძლებლობას მომხიბვლელი გარემო შევუქმნათ ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც ერთმანეთთან ვაჭრობა სურთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ დააზიანებს ჩინეთთან დაახლოება აშშ-თან ურთიერთობას, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან საქართველოს არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„ამავე დროს ჩვენ ძალიან ძლიერი ევროატლანტიკური მისწრაფებები გაგვაჩნია და ეს ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ნაწილია. როდესაც საუბარი გვაქვს ჩინეთზე, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი. რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ამ სავაჭრო ურთიერთობებით, მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკურ მისწრაფებებსა და სარეფორმო პროგრამაზე, სწორება გვაქვს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეზე. ამიტომ, არ მიგვაჩნია, რომ რაიმე გავლენა ექნება ამას დიდ სავაჭრო ურთიერთობებზე, რადგან ვართ ძალიან მრავალფეროვან რეგიონში. საქართველო გახსნილი და კეთილგანწყობილია ბიზნესის და ინვესტორებისადმი. მიგვაჩნია, რომ არა მარტო დიდ ბაზრებს ვუქმნით ლოგისტიკური დაკავშირების შესაძლებლობებს, არამედ საქართველოში მათი შეხვედრისა და დაკავშირების სივრცეს ვქმნით,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა „ბრექსიტთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, გაერთიანებულ სამეფოსთან კი გაფორმებულია შეთანხმება და მასში აქცენტირებულია ასოცირების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი. ცქიტიშვილის თქმით, ამდენად, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას საქართველოზე ნეგატიური გავლენა არ ექნება.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.